აშშ აცხადებს, რომ მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და მოუწოდებს კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის და ევროპაში თავიანთი მომავლის უზრუნველსაყოფად გამოიყენონ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოცემა Europe Time-ს განუცხადა.
"ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში - ამყარებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. ამ ძალისხმევის მიმართულებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში.
საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების დაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გასაღებია. შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ გააფართოონ თანამშრომლობა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ, რათა თანამოაზრე პარტნიორებს ერთობლივი კოორდინირებული აქტივობებით დაუჭირონ მხარი, აშშ-ევროკავშირის სამიტის 20 ოქტომბრის განცხადების შესაბამისად", - აღნიშნულია განცხადებაში.