საქართველოსთვის: რეორგანიზაციების მიზანია მათი დასჯა, ვინც ევროინტეგრაციის ერთგულია

საქართველოსთვის: რეორგანიზაციების მიზანია მათი დასჯა, ვინც ევროინტეგრაციის ერთგულია

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის განცხადებით, განათლების სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაცია ან მანამდე მიმდინარე პროცესები მიზნად ისახავს მხოლოდ იმ საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლებას, ვინც შეიმუშავა ან/და ხელი მოაწერა პეტიციას მოხელეთა ერთგულების გამოხატვაზე საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლისადმი.

პარტია ეხმაურება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ განათლების სამინისტროში ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო გაუქმდა.

გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ ადამიანების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ თავიანთ პოზიციასა და ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი.

"საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად უქმდება ინკლუზიური განვითარების სამმართველო და სკოლამდელი განათლების სამმართველო. ეს რეორგანიზაცია და მანამდე სამინისტროში მიმდინარე პროცესები მიზნად ისახავს მხოლოდ იმ საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლებას, ვინც შეიმუშავა ან/და ხელი მოაწერა პეტიციას მოხელეთა ერთგულების გამოხატვაზე საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლისადმი. ამ ორი სამმართველოს ფაქტობრივი გაუქმება (ტექნიკურად სხვა სამმართველოებთან გაერთიანება) ემსახურებოდა კონკრეტული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ ადამიანების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ თავიანთ პოზიციასა და ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი.

განათლების სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე ჩვენი გუნდი საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას უახლოეს დღეებში მიაწვდის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

განათლების სამინისტრო ინკლუზიური განათლების სამმართველოს გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე აცხადებს, რომ "ცენტრი არ გაუქმებულა, არამედ გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო".

მათი მტკიცებით "შედეგად, აქამდე არსებული ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა".