საქართველოში თეოლოგი და ფილოსოფოსი ანდრეი კურაევი არ შემოუშვეს

საქართველოში თეოლოგი და ფილოსოფოსი ანდრეი კურაევი არ შემოუშვეს

ფორმულას ინფორმაციით, საქართველოში ცნობილი მართლმადიდებელი თეოლოგი და ფილოსოფოსი ანდრეი კურაევი არ შემოუშვეს.

ის საქართველოში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვევით ჩამოვიდა, 5 თებერვალს უნდა ჰქონოდა ლექცია, თუმცა საზღვარზე შეაჩერეს და პასპორტი ჩამოართვეს.

ფორმულასთვის ცნობილია, რომ ანდრეი კურაევს საზღვარზე გადასცეს საბუთი, რომლის თანახმადაც, მას 3 წლის მანძილზე საქართველოში შემოსვლა ეკრძალება.

ანდრეი კურაევს თბილისში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში უნდა ჩაეტარებინა ლექცია, სახელწოდებით - "რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლო ისტორია - 100 წელი ავტოკეფალიურ განხეთქილებაში".

ფორმულამ მოიპოვა საბუთი, რომელიც ანდრეი კურაევს საზღვარზე გადასცეს:

მართლმადიდებელი თეოლოგი ანდრეი კურაევი მოსკოვის საპატრიარქოს პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია. 2020 წელს მოსკოვის საეპარქიო სასამართლომ ის "კრიტიკული განცხადებების გამო" სასულიერო ხარისხიდან განკვეთა, გადაწყვეტილება კი ძალაში 2023 წელს შევიდა, როდესაც მას ხელი მოაწერა რუსეთის პატრიარქმა კირილმა.

ანდრეი კურაევი საჯაროდ აკრიტიკებდა როგორც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ასევე პატრიარქ კირილის პოლიტიკას და მის ურთიერთობას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. მან ღიად გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო, 2022 წელს კი უკრაინაში შეჭრის გამო, რის გამოც ის "რუსული არმიის დისკრედიტაციისთვის" დააჯარიმეს.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 2023 წელს ანდრეი კურაევი "უცხოელი აგენტების სიაში" დაამატა.

ამჟამად ანდრეი კურაევი მსოფლიო საპატრიარქოს ეგიდით მსახურობს, ის პროტოდიაკონია.