ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცების წარმომადგენლებს ევროკავშირის წარმომადგებლობის ოფისში შეხვდა.
ჰერჩინსკის საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს, სამართლიანი არჩევნების (ISFED), ჩემი ხმისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
არასამთავრობოებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ მათ პაველ ჰერჩინსკის საარჩევნო დარღვევების მტკიცებულებები წარუდგინეს.
"ევროკავშირის ელჩთან ჩვენ დღეს ვისაუბრეთ არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებზე. ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა იმაზე, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ დარღვევების გამოძიებასთან დაკავშირებით, გვაქვს თუ არა იმედი, რომ პროკურატურა ყველაფერს გამოიძიებს და ასევე, რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, განსაკუთრებით ევროკავშირმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა იმისთვის, რომ დაეხმარონ ამ პროცესს და ხელი შეუწყონ ამ გამოძიებას საქართველოში.
რეალურად მათ აინტერესებდათ ის დარღვევები, ის არგუმენტები, რაც ჩვენ გვქონდა", - თქვა საია-ს წარმომადგენელმა, ნანუკა ყრუაშვილმა.
ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები უსამართლობას არ ურიგდებიან და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
"ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეურიგდნენ ამ უსამართლობას და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. რა თქმა უნდა, ბრიუსელშიც იქნება დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით", – განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.