"საქართველოში აღიარეს შეცდომები"- რუსული სამთავრობო მედიები კალაძის განცხადებაზე

"საქართველოში აღიარეს შეცდომები"- რუსული სამთავრობო მედიები კალაძის განცხადებაზე

რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედიები თბილისის მერის კახა კალაძის კომენტარს, სადაც ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას "პოზიტიურად" აფასებს, პროპაგანდისთვის იყენებენ.

პროპაგანდისტული მედიასაშუალებები Ria.ru და TASS.ru კალაძის განცხადებას ავრცელებენ სათაურებით: "კალაძემ განაცხადა, რომ საქართველომ დაუშვა შეცდომები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით", "საქართველოში აღიარეს, რომ მათ შეცდომები დაუშვეს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით".

28 სექტემბერს რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოს "მეზობელ ქვეყნებთან" - აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, "თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან, მათ შორის, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით".

29 სექტემბერს თბილისის მერი კახა კალაძე ლავროვის ამ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ხელისუფლება ამას პოზიტიურად აფასებს".

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ "მოელის, რომ რუსეთი ქმედით ნაბიჯებს გადადგამს".