"საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს, არც კანონს" - ადმინისტრაციის განცხადება

"საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს, არც კანონს" - ადმინისტრაციის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აშშ-ის მხრიდან სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი "არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს".

ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, პრეზიდენტი ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის არშეწყვეტის გადაწყვეტილებით "სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები".

პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია გაუქმდეს სებ-ის მიერ მიღებული "რუსული გადაწყვეტილება".

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება პრეზიდენტის მიმართ მორიგ ცილისმწამებლურ კამპანიას.

საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

რაც ეხება, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იგი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები. მით უფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ,,რუსული გადაწყვეტილება“. საქართველოს შესაძლო ,,შავ ხვრელად“ ქცევა კი მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

22 სექტემბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ უწყვეტს. ზურაბიშვილის თქმით, მიიჩნევს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი თუ დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე.

***

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.

18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობას, არსებული ინფორმაციით, მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. ამაზე საუბრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.

საქართველოში არსებული კანონმდებლობის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, მას ავტომატურად უნდა დაეკარგა საქართველოს მოქალაქეობა.