საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოსა და სომხეთს შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.
უწყების ინფორმაციით, შეთანხმებას საქართველოსა და სომხეთი პრემიერმინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხელი ერევანში, 2023 წლის 12 იანვარს მოაწერეს და ის დღეიდან ამოქმედდა.
"შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისათვის ურთიერთმიმოსვლის კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობების შემოღებას" - წერია უწყების განცხადებაში.
ამ შეთანხმების მიხედვით, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ ბიომეტრიული პირადობის მოწმობით იმოგზაურონ საქართველოდან სომხეთში და პირიქით, საერთაშორისო მიმოვლისათვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.
საგარეოს ცნობით, შეთანხმება ანაცვლებს 1993 წლის 19 მაისს ხელმოწერილ შეთანხმებას "საქართველოს რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა მათ ტერიტორიაზე უვიზო მოძრაობის შესახებ".