საქალაქო სასამართლომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებული ნიკოლოზ გუგეშაშვილი პატიმრობაში დატოვა. სხდომა დღეს, 18 სექტემბერს გაიმართა.

ბრალდებულის ადვოკატმა, გაიოზ ჩარკვიანმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა და პატიმრობის 5 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ არსებობდა დანაშაულის გამეორების საფრთხე.

სხდომაზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები და სათვალთვალო კამერიდან ამოღებული კადრები წარადგინა.

გუგეშაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ "გადაწყვეტილება მიიღო პროკურატურამ და არა სასამართლომ".

"რისკი... არავინ არ ვიცით, ხვალ რა იქნება. თქვენ იცით, ხვალ რა მოხდება? დარწმუნებული ხართ? [...] ჩვენ ვაღიარეთ აღნიშნული დანაშაული, მაგრამ მაშინ მეორეს გეუბნებით, ხვალ რა იქნება შეგიძლიათ, მითხრათ? გუგეშაშვილი კიდევ ჩაიდენს აღნიშნულ დანაშაულს? დარწმუნებული ხართ?", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადადის, მომდევნო სხდომა საქალაქო სასამართლოში 27 სექტემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

***

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავსდაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა. ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. 29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.

5 ივლისს, ფორმულამ გაარკვია, რომ მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგიმუმლაძეა.

11 სექტემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთი მფლობელის მიშა მშვილდაძის საქმე დახურულად გამოაცხადა.

მას შემდეგ, რაც სპეციალურმა საგამოძიებო უწყებამ ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის საქმე დახურულად გამოაცხადა, დაზარალებული დავას საერთაშორისო სასამართლოში გაგრძელებას აპირებს.