საიას თქმით, კარვების კანონით სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მზარდი ტენდენცია გრძელდება

საიას თქმით, კარვების კანონით სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მზარდი ტენდენცია გრძელდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ე.წ. კარვების კანონს აფასებს და აცხადებს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებით სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მზარდი ტენდენცია გრძელდება.

მათი თქმით, 2023 წლის დასაწყისიდან დღემდე განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტია ცდილობს, სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების სივრცე კიდევ უფრო ინტენსიურად სხვადასხვა მეთოდით შეავიწროოს.

"საქართველოს კანონმდებლობაში არსებული გარანტიები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სახელმწიფომ, ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაში, პროპორციულად განახორციელოს უფლებაში ჩარევა ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნას ადამიანებისთვის თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის განხორციელებას.

შესაბამისად, ინიცირებული ცვლილებების მიზანი სამოქალაქო უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვაა, რაც გამოიწვევს ქვეყანაში თავისუფალი გამოხატვის სივრცის შევიწროებას, შედეგად კი, ეს პირდაპირ მოახდენს გავლენას ქვეყნის დემოკრატიის, შესაბამისად, ადამიანების კეთილდღეობის ხარისხზე", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება". დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.

კანონპროექტში ოცნების დეპუტატები აზუსტებენ, რომ თუ კანონდამრღვევი ორგანიზატორი აღმოჩნდება, მაშინ მას დანაშაულის გამოსყიდვა მეტად მკაცრი - 5 000 ლარიანი ჯარიმით ან 15-დღიანი პატიმრობით მოუწევს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში რეგულაციების გამკაცრების მიზეზად 18 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი. სუს-ის მტკიცებით, გარკვეული ჯგუფები საქართველოში "ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაციას და ე.წ. კარვების ქალაქის გაშენებას გეგმავდნენ".

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.