
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება შეიტანა საქმეზე, რომელიც უკავშირდება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) და "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" სარჩელებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წინააღმდეგ.
საია-ს ცნობით, სარჩელი ცესკო-ს მიერ 3 აპრილის N22/2025 დადგენილებას ეხება, რომლითაც საარჩევნო უბნებზე დამკვირვებელთა თავისუფალი გადაადგილება, ამომრჩევლის პირადობის დოკუმენტის დათვალიერება და აღმოჩენილი დარღვევების დოკუმენტირება შეიზღუდა.
საია-ს შეფასებით, აღნიშნული დადგენილება მნიშვნელოვნად ზღუდავს დამკვირვებელთა თავისუფალ გადაადგილებას საარჩევნო უბნებზე და მათ შესაძლებლობას, სრულფასოვნად შეასრულონ დაკვირვების ფუნქცია.
"ცესკოს მიერ მიღებული ცვლილებები დადგენილებაში, პირველ რიგში, წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსთან, რომელიც იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი სამართლებრივი აქტია. ამის გარდა, ის არაპროპორციულად და გაუმართლებლად ზღუდავს დამკვირვებლის საქმიანობას. კერძოდ, მას ეკრძალება თავისუფლად გადაადგილება უბანზე, რაც ხელს უშლის სრულყოფილ დაკვირვებას. წარმოდგენილი ცვლილებების ფონზე, დამკვირვებლები ვეღარ შეასრულებენ მათ უპირველეს მოვალეობას - ვერ დააიდენტიფიცირებენ პოტენციურ დარღვევებს და ვერ მოიპოვებენ მტკიცებულებებს, რაც გახდება სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საჩივრების დაუკმაყოფილებლობის საფუძველი.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ დამკვირვებლების მხრიდან ამომრჩევლის პირადობის დოკუმენტის დათვალიერება არ წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევას, რადგან დათვალიერება მხოლოდ დროებითი გადამოწმების მიზანს ემსახურება და არა მონაცემების ჩაწერას, აღრიცხვას ან სხვაგვარ დამუშავებას.
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არაკეთილსინდისიერი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ობიექტური და მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, რაც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
საია მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული დადგენილება, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამკვირვებელთა უფლებების დაცვა, რაც დემოკრატიული საარჩევნო პროცესის განუყოფელი ნაწილია"— წერს საია განცხადებაში