საია: სპეცრაზმი უკანონო გენერალიზებულ დავალებას ასრულებს

საია: სპეცრაზმი უკანონო გენერალიზებულ დავალებას ასრულებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსთაველზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ლეგიტიმური პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ერთმანეთის პარალელურად და სიცოცხლისთვის საშიში პრაქტიკით იყენებენ აქტიურ სპეციალურ საშუალებებს.

მათივე შეფასებით, სპეცრაზმი ასრულებს უკანონო გენერალიზებულ დავალებას, გაუსწორდეს აქციის მონაწილეებს მათი სამოქალაქო პოზიციის გამო.

"02:38 საათიდან განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება რუსთაველის გამზირზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ლეგიტიმური პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ერთმანეთის პარალელურად და სიცოცხლისთვის საშიში პრაქტიკით იყენებენ აქტიურ სპეციალურ საშუალებებს, როგორიც არის, წყლის ჭავლი, მასში შერეული წიწაკის სპრეი, და, ასევე კადრებში ჩანან მეთოფეები, რომლებიც ისვრიან გარკვეულ კაფსულებს, თუმცა, შსს-მ თავად უნდა განმარტოს თუ რა არის ეს საშუალება. აღსანიშნავია, რომ საშუალებების ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენების აკრძალვა შსს-მ შეცვალა და გააუქმა, რათა, ფორმალური კანონიერების თვალსაზრისით გაემარტივებინა დემონსტრაციების დაშლის ამგვარი ადამიანის უფლებებთან სრულად შეუსაბამო პრაქტიკა.

დემონსტრანტების ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავების პრაქტიკა და ფიზიკური ანგარიშსწორება დღეს ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს.

ძალადობის ხარისხი და ასეთი ფაქტების სიმრავლე გვაძლევს საფუძველს, შევაფასოთ, რომ სპეცრაზმი ასრულებს უკანონო გენერალიზებულ დავალებას, გაუსწორდეს აქციის მონაწილეებს მათი სამოქალაქო პოზიციის გამო", - წერია განცხადებაში.