საია შსს-ს თემურ ქათამაძის წინააღმდეგ გამოყენებული ღონისძიების შეცვლაზე მიმართავს

საია შსს-ს თემურ ქათამაძის წინააღმდეგ გამოყენებული ღონისძიების შეცვლაზე მიმართავს

საია შსს-ს თემურ ქათამაძის წინააღმდეგ გამოყენებული ღონისძიების (დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების) შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.

თემურ ქათამაძე 41 დღეა შიმშილობს.

ის 16 იანვრიდან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება და სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს დავას საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის ცნობით, თემურ ქათამაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 20 იანვარს მიმართა, რაზეც 3 დღის ვადაში მას უარი უთხრეს.

"გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად კანონმდებლობა 6-თვიან ვადას განსაზღვრავს, ხოლო დაჩქარებული წესით განხილვისას გადაწყვეტილების მიღების ვადა შეადგენს 1 თვეს. მოცემულ შემთხვევაში საკითხის განსახილველად სამინისტროს მხოლოდ 3 დღე დასჭირდა. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას თემურ ქათამაძე, ამჯერად, თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს და ითხოვს სტატუსის მინიჭებას, რადგან თურქეთში მის წინაღმდეგ მიღებულია დაკავების ბრძანება და მას აქვს საფუძვლიანი შიში, რომ საქართველოდან გაძევების შემთხვევაში შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი.

აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების საკითხის განხილვა შეჩერებულია. გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე თემურ ქათამაძის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ბრძანებას საფუძვლად უდევს შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა. საკითხის განხილვისას სამინისტროს და შემდგომ უკვე სასამართლო დაეყრდნო პირის მიმალვის საფრთხეს, ვინაიდან, სამინისტროს მითითებით, თემურ ქათამაძეს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და შემოსავალი. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს.

რეალურად, მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში და არსებობს მისი შემოსავლის ქონის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ასევე, შიმშილობის ამ ვადისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებობს საფუძვლები, რომ გაძევების საკითხის განხილვამდე, ნაცვლად მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისა, გამოყენებულ იქნას კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ისეთი ალტერნატიული ზომები, როგორიცაა: პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში რეგულარული გამოცხადება, საქართველოს მოქალაქის თავდებობა, საბანკო გარანტია ან გირაო. იქიდან გამომდინარე, რომ დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად სხვა ალტერნატიული ზომის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება სამინისტროს გააჩნია, ამ მოთხოვნით მივმართეთ სამინისტროს"- ნათქვამია განცხადებაში.