საია: საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 30-ზე მეტი მოქალაქე

საია: საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 30-ზე მეტი მოქალაქე

საია დემონსტრანტების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ თბილისში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 30-ზე მეტ პირს სისხლის სამართლის ბრალდება აქვს წაყენებული.

"2024 წლის 28 ნოემბრიდან საქართველო მოიცვა ფართომასშტაბიანმა ლეგიტიმურმა პროტესტმა. საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება თბილისში. ლეგიტიმური პროტესტი გამოწვეულია ქართული ოცნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებით. ამასთან, ეს საპროტესტო აქციები, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებული და, ზოგადად, ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების წინააღმდეგ პროტესტების გაგრძელებაა, რომლებიც 2024 წელს სხვადასხვა დროს იმართებოდა.

ხსენებულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 30-ზე მეტი მოქალაქე. ამასთან, ამ დრომდე არცერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს, არ მიცემულა სისხლისამართლებრივ პასუხისგებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი საიას არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, პოლიციის ძალადობის შემთხვევები, მათ შორის, 2023 წლის მარტსა და 2024 წლის აპრილ-მაისში, საპროტესტო აქციების დროს, გამოუძიებელი რჩება. ანგარიშვალდებულების ასეთი დაბალი ხარისხი დაუსჯელობას პრაქტიკად აქცევს.

ამის პარალელურად კი, მზარდია სისხლის სამართლის ინსტრუმენტების გამოყენება აქტივისტების მიმართ, რისი ერთ-ერთი მიზანიც, განსხვავებული აზრის ჩახშობაა. აქტივისტებს ბრალი ედებათ ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი), აფეთქების მომზადება (სსკ-ის 18, 229-ე მუხლი), პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი) და სხვა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საია აღნიშნავს, რომ ის 24 პირის აღკვეთის ღონისძიების სხდომას დაესწრო და ნახა არაერთი დარღვევა აღმოაჩინა. ორგანიზაციის ცნობით, თითოეულ მათგანს პატიმრობა სათანადო დასაბუთების გარეშე შეეფარდა.

ამასთან, დაფიქსირდა არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. მაგალითად, ერთ-ერთმა დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ განაცხადა, რომ მას ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ქვეშ აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული და დაედანაშაულებინა სხვები, რაც გამოიწვევდა მის მიმართ სისტემის მხრიდან ლოიალურ დამოკიდებულებას.

"პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, ბრალდებულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინების გარეშე

გასული 4 დღის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლო საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების საქმეებს განიხილავდა. საიას წარმომადგენლები 24 ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომას ესწრებოდნენ. ყველა შემთხვევაში, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების შესახებ - ბრალდებულების ისეთი გარემოებების მხედველობაში მიღების გარეშე, როგორებიცაა ბრალდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები, მათი პიროვნება, საქმიანობა, ასაკი, ჯანმრთელობა, ოჯახური, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები.

დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები. ზოგიერთი იყო ერთადერთი მარჩენალი ან მომვლელი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ოჯახის წევრის. უმრავლესობა მათგანი არ იყო წარსულში ნასამართლევი, ან/და ასევე არ ჰქონდა ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

ბრალდების მხარის დასაბუთება პატიმრობის გამოყენების შესახებ ეყრდნობოდა განზოგადებულ რისკებს, როგორიცაა მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურება ან ახალი დანაშაულის ჩადენა.

ამასთან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს. მათ შორის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების დასაბუთებასაც, უნდა ახდენდეს ბრალდების მხარე. აღნიშნულ ნაწილში საყურადღებოა, რომ ერთ-ერთ პროცესზე მოსამართლემ ბრალდებულს ჰკითხა: აღიარებდა თუ არა ჩადენილ დანაშაულს? და თუ არ აღიარებდა როგორ ხსნიდა, რომ აქციაზე მყოფი ასიათასი ადამიანიდან ის აირჩიეს? მოსამართლის მხრიდან მსგავსი შინაარსის კითხვის გაჟღერება ბრალდებულს აყენებს თავის მართლების პოზიციაში მაშინ, როცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მტკიცების ტვირთს არა ბრალდებულს, არამედ ბრალდების მხარეს აკისრებს, ამის საპირწონედ უმეტეს შემთხვევებში მოსამართლე ნაკლებად იყო დაინტერესებული შუამდგომლობის დასაბუთების ნაწილში ბრალდების მხარისთვის დაესვა კრიტიკული შეკითხვები.

სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალეკო ელისაშვილსაც, რომელსაც ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის (დევნა, ძალადობით ან ძალადობის მუქარით) ჩადენას ედავება ბრალდების მხარე. ოპოზიციონერი აქტიური პოლიტიკოსების მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია, ბრალდების მხარემ და შემდგომში - სასამართლომ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა იმგვარად დაასაბუთოს, რომ საზოგადოებაში არ რჩებობოდეს პატიმრობის გამოყენებით პოლიტიკოსის განეიტრალების შესახებ ეჭვები.

არასათანადო მოპყრობის შემთხვევები: რამდენიმე დაკავებულმა დემონსტრანტმა აღნიშნა მათზე დაკავების დროს, ტრანსპორტირებისა თუ განყოფილებაში მიმდინარე არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ. მაგალითად:

  • ალეკო ელისაშვილმა ჩვენება მისცა, რომ დაკავებისას მანქანაში ჩასვეს და სცემეს.

  • საბა სვიტარიძემ6 დეტალურად აღწერა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოცდილება. სხვიტარიძის განმარტებით, ის პოლიციამ ზესტაფონის გზაზე დააკავა, მისთვის არ განუმარტავთ დაკავების საფუძველი, არც ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა მისცეს, შემდეგ გადასცეს გორთან გაურკვეველ ოპერატიულ ჯგუფს და გადაიყვანეს დიღომში მდებარე პოლიციის სამმართველოში. დიღომში, სამმართველოს შენობაში, მეხუთე სართულზე, მას ოთხი ნიღბიანი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა და სცემა, შემდგომ კი ამავე შენობის მერვე სართულზე საპატრულო ფორმაში ჩაცმულმა პიროვნებამ, რომელსაც ნიღაბი ეკეთა, სხვა პირებთან ერთად კვლავ იძალადა მასზე.

  • რევაზ კიკნაძემ განაცხადა, რომ მას ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ქვეშ აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული და დაედანაშაულებინა სხვები, რაც გამოიწვევდა მის მიმართ სისტემის მხრიდან ლოიალურ დამოკიდებულებას.

ბრალდებულების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, სხვა გამოცდილებებთან ერთად, განამტკიცებს იმ ფაქტს, რომ პირების მიმართ წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას სისტემური და ფართომასშტაბიანი ხასიათი აქვს.

თუმცა, როგორც ჩანს, მოსამართლეებს არ სურდათ ამ დარღვევების განხილვა. კერძოდ, მაგალითად, მოსამართლემ ნანა შამათავამ დააზუსტა, ძალადობა მოხდა სისხლისსამართლებრივი დაკავებისას თუ ადმინისტრაციული დაკავების ფარგლებში. ადვოკატებმა განმარტეს, რომ ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა ადმინისტაციული დაკავებისას, თუმცა ფაქტობრივად ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი დაკავება განგრძობითი იყო. კერძოდ, ბრალდებულები, რომლებიც თავდაპირველად 48 საათი ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულები, შემდგომში ფაქტობრივად შეაბრუნეს იზოლატორში, ამჯერად უკვე სისხლის სამართლის წესით, სათანადო პროცედურული გარანტიების გარეშე. ბევრმა ბრალდებულმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ შეეზღუდათ დაცვის უფლება.

მოსამართლის პოზიციით, რადგან უშუალოდ სისხლისსამართლებრივი წესით დაკავებისას არ უძალადიათ პირზე, ეს მისი განსხილველი არ იყო. ასეთი თვითშეზღუდვითი მიდგომა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ იშლებოდა ზღვარი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სამართალწარმოებებს შორის, არ შეესაბამება კანონმდებლობას და ხაზს უსვამს მოსამართლის გულგრულობას.

არცერთი ბრალდებული ამ დროისთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, ამასთან საყურადღებოა, რომ უმეტესობასთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების (ჩხრეკა/პირადი ჩხრეკა) შედეგად არ მომხდარა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთის ამოღება", - აღნიშნულია საიას განცხადებაში.