საია: მზია ამაღლობელს ყველა საჭირო პროცედურა არ უტარდება

საია: მზია ამაღლობელს ყველა საჭირო პროცედურა არ უტარდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, სამედიცინო დოკუმენტების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ "მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის საჭირო პროცედურა".

საია-ს ცნობით, ადვოკატების მოთხოვნა, რომ დროულად მიეღოთ ჩატარებული მკურნალობის შესახებ ინფორმაცია დაგვიანებით დაკმაყოფილდა და მხოლოდ 31 იანვარს გადაეცათ სრული სამედიცინო დოკუმენტაცია.

ორგანიზაციის განცხადებით, დღესვე გაიგზავნა შესაბამისი კორესპონდენცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის N5 ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორის სახელზე.

"სამედიცინო დოკუმენტების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის საჭირო პროცედურა, რომელიც მისი ანამნეზით, ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული მაჩვენებლების, და სრული შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა შემოწმდეს, რათა თავიდან იყოს არიდებული მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის გაუარესება და ჯანმრთელობის დამაზიანებელი შეუქცევადი პროცესები.

ამის გათვალისწინებით, დღესვე გაიგზავნა შესაბამისი კორესპონდენცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის N5 ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორის სახელზე.

განცხადებაში დეტალურად არის მითითებული იმ სამედიცინო კვლევების და ანალიზების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს მზია ამაღლობელს. განცხადება ასევე გაიგზავნა სახალხო დამცველის სახელზე, რათა საკუთარი მანდატის ფარგლებში გაუწიოს მონიტორინგი საჭირო სამედიცინო კვლევების ჩატარების პროცესს.

განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ N5 დაწესებულებაში არ არის შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაგვიანებული ან არასრულყოფილი მკურნალობა", - ნათქვამია განცხადებაში.