საია: მოვუწოდებთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, ეფექტიანად გამოიძიოს ნიკოლოზ კაციას საქმე

საია: მოვუწოდებთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, ეფექტიანად გამოიძიოს ნიკოლოზ კაციას საქმე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, რომ რეჟიმის პატიმრის, ნიკოლოზ კაციას არაადამიანურ საპატიმრო პირობებზე რეაგირება მოახდინოს.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრის მიმართ პატიმრობის აღსრულება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და პატიმრობის კოდექსით გარანტირებული უფლებების დაცვით უნდა მოახდინოს.

"საჯარო წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკოლოზ კაციას პენიტენციურ დაწესებულებაში არ უზრუნველყოფენ საკვებით, ხოლო მის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული თანხებით სარგებლობენ სხვა მსჯავრდადებულები. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც ნიკოლოზ კაციამ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას მიუთითა პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

ადგილობრივი კანონმდებლობით და საერთაშორისო აქტებით პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოფს, როგორც ბრალდებულ/მსჯავრდადებულთა სათანადო კვება, აგრეთვე მათი სათანადო საცხოვრებელი პირობები. დაუშვებელია ბრალდებულ/მსჯავრდადებულთა დასჯის მიზნით არათუ საკვების მიცემაზე უარის, თქმა არამედ მათი კალორიულობის შემცირებაც კი. აღნიშნული შესაძლოა შეიცავდეს წამების/არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს.

ამასთან, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მოახდინოს დანაშაულის, გამოვლენა აღკვეთა და პრევენცია, აგრეთვე იმგვარად განახორციელოს ბრალდებულ/მსჯავრდადებულთა ტრანსპორტირება და განთავსება, რომ ისინი არ დაექვემდებარონ სხვა ბრალდებულ/მსჯავრდადებულთაგან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. პენიტენციური სამსახური ვალდებულია თავიდან აიცილოს ძალადობის ან სხვა ტიპის რეპრესიის მაპროვოცირებელი გარემოებები.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჟურნალისტი ნიკოლოზ კაცია ერთ-ერთია იმ პირთაგან, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების პარალელურად დააკავეს. საქართველოს პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში სდებს ბრალს.

2025 წლის 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ნიკოლოზ კაციას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა. ნიკოლოზ კაციას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლე ნინო თარაშვილმა კვლავ ძალაში დატოვა.

საია აკვირდება სასამართლოში ნიკოლოზ კაციას მიმართ მიმდინარე საქმის განხილვას და იმას, თუ როგორ მიმდინარეობს მისი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება.

მოვუწოდებით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს:

ნიკოლოზ კაციას მიმართ პატიმრობის აღსრულება მოხდინოს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და პატიმრობის კოდექსით გარანტირებული უფლებების დაცვით.

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

მოახდინოს ნიკოლოზ კაციას არაადამიანურ საპატიმრო პირობებზე რეაგირება, დროულად შეისწავლოს და ეფექტიანად გამოიძიოს საქმე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს პროევროპულ საპროტესტო აქციისკენ მიმავალი ტაქსიში დააკავეს. მას პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კაცია ბრალს არ აღიარებს.