![რაზე ისაუბრეს ზურაბიშვილმა და მედიამენეჯერებმა, NGO-ების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/cafb6d04-22ef-4816-bf82-b5f8b12157c4.jpg)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შსს-ს მოუწოდებს, რომ სინდისის პატიმრის, თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივც მიაწოდოს.
ბათუმელი მედროშე უკვე 26-ე დღეა შიმშილობს.
"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი და მათგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გამოიკვეთა გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმაც ვერ მიიღო სამედიცინო დოკუმენტები დროულად.
დაკავებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, რადგან ის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის დამძიმება ან რაიმე მძიმე შედეგი სრულად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იქნება
მოვუწოდებთ შინაგან სამინისტროს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოს ინფორმაცია რა კვლევები უტარდება თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.", – ვკითხულობთ განცხადებაში.
თემურ ქათამაძე 11 იანვარს ბათუმში აქციაზე 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
იზოლატორის დატოვების შემდეგ, 16 იანვარს ქათამაძე ისევ დააკავეს – ამჯერად მას საქართველოდან გაძევება ემუქრება. შსს-ის ცნობით, ქათამაძე დაკავებულია საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად.
დაკავებულის ადვოკატმა, მარიამ გაბროშვილმა 6 თებერვალს განაცხადა, რომ ქათამაძეს 15 კილოგრამი აქვს დაკლებული და უჭირს გადაადგილება. 7 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თემურ ქათამაძის საჩივარი და მის პატიმრობა ძალაში დარჩა.