
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავეს.
მათი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ჩინეთის მოქალაქეები.
“ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში, მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, დადიანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ.
გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ადმინისტრატორები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან თანხას უხდიდნენ.
ასევე, დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ძირითად შემოსავალს, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სავარაუდოდ, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. დანაშაულები 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.