საია: მოვითხოვთ, შეწყდეს ძალადობა, მოქალაქეების ცემა, გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებულები

საია: მოვითხოვთ, შეწყდეს ძალადობა, მოქალაქეების ცემა, გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებულები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები განცხადებას ავრცელებენ და "კატეგორიულად გმობენ იმ სისასტიკეს, რომელსაც არალეგიტიმური ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ახორციელებს".

საია მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა, დაუყოვნებლივ გამოუშვან უკანონოდ დაკავებულები, ჩატარდეს აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება.

"საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, ქართველი ხალხის ურყევი ნებაა, რომ საქართველო გახდეს არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფო, არამედ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ეს არჩევანი ასახავს ჩვენი საზოგადოების ღირებულებებსა და მისწრაფებებს და მას ვერანაირი ძალადობრივი ქმედება ვერ ჩაახშობს. მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების ფონზე არალეგიტიმურად დამტკიცებულმა მთავრობამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და მოქალაქეების ნებას.

სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც სამართლის უზენაესობის დაცვას უნდა ემსახურებოდნენ, სცემენ, სასტიკად უსწორდებიან და დევნიან მოქალაქეებს. ეს ქმედებები სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს და წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას.

მოვითხოვთ:

  • დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა, მოქალაქეთა და მედიის წარმომადგენელთა მიზანმიმართული ცემა და დევნა
  • გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი;
  • ჩატარდეს აქციის მონაწილებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება.