საია გრიგორიადისის უფლებების 4 შესაძლო დარღვევაზე საუბრობს

საია გრიგორიადისის უფლებების 4 შესაძლო დარღვევაზე საუბრობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ეხმაურება და საჯარო წყაროებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ შესაძლოა ბრალდებულის უფლებების დარღვევის შემთხვევები იკვეთებოდეს. საია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სახალხო დამცველს, თავიანთი მანდატის შესაბამისად იმოქმედონ.

საია პირველ დარღვევად მიუთითებს, რომ სასამართლომ საჯაროდ არ დაასაბუთა აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ისე შეუფარდა, რომ ბრალდებულის და მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სხდომაზე არც კი განუმარტავს პატიმრობის გამოყენების საფუძვლები.

საიას შეფასებითვე, მაღალი თანამდებობის პირების მიერ გავრცელებულმა განცხადებებმა, შესაძლოა, ლაზარე გრიგორიადისის სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარყოფითად იმოქმედოს. მათი განცხადებით, ეს, რიგ შემთხვევაში, ლაზარე გრიგორიადისის უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.

"ლაზარე გრიგორიადისის დაკავებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა. მისი განცხადება იყო, არა მხოლოდ, ჰომოფობიური კონტექსტის მატარებელი, არამედ, მიზნად ისახავდა ლაზარე გრიგორიადისის შესახებ ფართო საზოგადოებაში ნეგატიური განწყობების ფორმირებას.

პრობლემურია, მანამდე, 12 მარტს, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, მიერ 7-8 მარტის აქციის მონაწილეებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც. დამატებით, 2023 წლის 3 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილმა ლაზარე გრიგორიადისი გადაჭრით დაადანაშაულა", - აცხადებენ საიაში.

ორგანიზაციის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილს პირდაპირ არ დაუსახელებია სახელი და გვარი, მის მიერ ნათქვამი წინადადება საზოგადოებისთვის შეცნობად კონტექსტს ატარებდა, რითაც დაირღვა გრიგორიადისის უდანაშაულობის პრეზუმფცია.

"ამასთან, წინა დღით, 2023 წლის 2 აპრილს ტელეკომპანია იმედის გადაცემა იმედის კვირაში წამყვანმა ლაზარე გრიგორიადისი მოიხსენია ნასამართლევად, გადაცემაში აგრეთვე გავრცელდა ლაზარეს მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალები, იმგვარად, რომ საზოგადოებაში გამოეწვია ლაზარე გრიგორიადისის პიროვნების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება. ხაზგასასმელია, რომ 2023 წლის 31 მარტს ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოში პირველი წარდგენის საჯარო სხდომაზე, მოსამართლემ დაადასტურა, რომ ლაზარე არ არის ნასამართლევი", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის განცხადებით, შედეგად, პოლიტიკოსებისა მიერ გავრცელებული განცხადებებით, ინდივიდუალური თუ მათი კუმულაციური ეფექტით, არაერთხელ დაირღვა ლაზარე გრიგორიადისის უდანაშაულობის პრეზუმფცია, აგრეთვე, გავრცელდა მისი ნასამართლობის შესახებ ცრუ ინფორმაცია.

საიას შეფასებითვე, იკვეთება თვითინკრიმინაციის პრივილეგიის შესაძლო დარღვევა - კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციას მაგალითად მოჰყავს ადვოკატის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ლაზარე გრიგორიადის გამოკითხვის დროს საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან დაფიქსირდა შესაძლო იძულება, რომ მას გამოძიებისთვის საკუთარი თავის მამხილებელი ინფორმაცია მიეწოდებინა.

"აღსანიშნავია, რომ თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლება აბსოლუტური უფლებაა და მის საწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენს პირისთვის ჩვენების ჩამორთმევის მიზნით ნებისმიერი სახის იძულება. მნიშვნელობა არ აქვს პირი ასეთ დროს თავის გამამართლებელ თუ გამამტყუნებელ ჩვენებას მისცემს საგამოძიებო ორგანოებს. ამასთან, რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, ასეთი იძულება არასათანადო მოპყრობასაც გაუტოლდეს", - კითხულობთ განცხადებაში.

ამასთან, იძულებით თმის გადაპარსვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საია აცხადებს, რომ საქმეში იკვეთება არასათანადო მოპყრობის აკრძალვის შესაძლო დარღვევაც.

"პენიტენციურ დაწესებულებას უფლება აქვს, მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენის დაცვის აუცილებლობა). ვინაიდან არსებობს დაცვის მხარისა და პენიტენციური დაწესებულების შეფასებებს შორის რადიკალური სხვაობა, მნიშვნელოვანია ამ ფაქტის ობიექტური შესწავლა, მათ შორის, იმ კონტექსტში, ხომ არ მოხდა პატიმარზე ირიბი ზეწოლა.

ამასთან კავშირში, ასევე, აღვნიშნავთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე იანკოვი ბალგარეთის წინააღმდეგ (Yankov v. Bulgaria, 2003, 39084/97) განმარტა, რომ პირი, რომელსაც ციხეში იძულებით გადაპარსავენ თავს, განიცდის დამცირებას, ამგვარი მოპყრობა შეურაცხყოფს მის ღირსებას. თავის იძულებით გადაპარსვა ადამიანს აგრძნობინებს, რომ არასრულფასოვანია. გარდა ამისა, ადამიანს, ვისაც თავს გადაპარსავენ, უწევს გარკვეული პერიოდი ატაროს ნიშანი, რომ ის დაექვემდებარა ამგვარ დამამცირებელ მოპყრობას. ეს ნიშანი (გადაპარსული თავი) ადვილად შესამჩნევია ყველასთვის და ამიტომ ადამიანი მუდმივად განიცდის სულიერ ტკივილს", - აღნიშნავენ არასამთავრობოში.

საია მიიჩნევს, რომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ განვითარებული მოვლენები მის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას მნიშვნელოვნად შეზღუდავს, რასთან დაკავშირებითაც საია მოუწოდებს:

  • ხელისუფლების წარმომადგენლებს - თავი შეიკავონ დისკრიმინაციული განცხადებებისგან და ლაზარე გრიგორიადისის ბრალდების საქმეზე არ გასცდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციის ფარგლებს;
  • სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს - ეროვნული კანონმდებლობისა და სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებთან სრული შესაბამისობით დაიცვას პატიმრის უფლებები;
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება იძულებით თმის გადაპარსვის ეპიზოდზე;
  • საქართველოს სახალხო დამცველს - როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელს, იმოქმედოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს ხშირი მონიტორინგი პატიმარ ლაზარე გრიგორიადისის უფლებრივ მდგომარეობაზე.

***

31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.