საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელზე თავდასხმას გმობს და მთავრობასა და ხალხს სოლიდარობას უცხადებს.
"ჩვენ მკაცრად ვგმობთ საზარელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე, რამაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და გამოვხატავთ სოლიდარობას ისრაელის მთავრობისა და ხალხის მიმართ. ჩვენი ფიქრები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებთან და ახლობლებთანაა. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - წერს სამინისტრო.
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტაც დღეს, გამთენიისას გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა ისროლეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელი ამ "ომს მოიგებს".
ბოლო ცნობებით, დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, დაშავებული ადამიანების რაოდენობა კი 700-ს აჭარბებს.