საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა, ამ ეტაპზე კი ისინი უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.
"საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას.
აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ხსენებული ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად.
რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ", - ნათქვამია განცხადებაში.
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გუშინ, გამთენიისას გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა ისროლეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელი ამ "ომს მოიგებს".
ბოლო ცნობებით, 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავებული ადამიანების რაოდენობა კი 1400-ს აჭარბებს.