საგარეო: ბულგარეთის პარლამენტი საქართველოს სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს

საგარეო: ბულგარეთის პარლამენტი საქართველოს სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბულგარეთის პარლამენტი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. უწყებაში ამბობენ, რომ შესაბამისი დეკლარაცია ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ქ.სოფიაში ვიზიტისას, ხმათა უმრავლესობით მიიღო.

"დეკლარაცია დაინიცირდა ორი ყოფილი პრემიერმინისტრის მიერ. მას მხარი დაუჭირა კოალიციაში შემავალმა ორივე პარტიამ. დეკლარაცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,რაც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეფუძნება და რაც ქვეყნის უსაფრთხოების დამატებითი გარანტია იქნება. დოკუმენტში ნათქვამია,რომ საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანის ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას უალტერნატივოს ხდის", - აცხადებს საგარეო.

უწყება აღნიშნავს, რომ დეკლარაცია, ასევე, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

"დოკუმენტში ბულგარეთის მხარე კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ურყევ მხარდაჭერას და ხაზს უსვამს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში საქართველოს,როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის როლს. დეკლარაციაში აღნიშნულია,რომ ბულგარეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურ და წარმატებულ მეზობლებს, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში დღეს არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით. ამასთან,ბულგარეთი გამოთქვამს მზაობას,მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე", - წერს სამინისტრო.