
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია ფორმულას საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.
„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ტელეკომპანიის ჟურნალისტ, მარიამ მაკასარაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.
„სრული განუკითხაობა ქვეყანაში!
თავდასხმა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე. გადამდგარი ვიცე-გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა ქალ ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს. წაართვა მობილური ტელეფონი და გაიტაცა „ტვ პირველის“ სატელევიზიო კამერა...", - დაწერა ნოდარ მელაძემ.