საგამოძიებო TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

საგამოძიებო TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური TV პირველის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საგამოძიებოს თანახმად, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოიკითხა გ.ლ, ასევე მოხდა მისი სახლის ჩხრეკა. გარდა ამისა, გამოკითხვაზე დაბარებულია ლ.თ, "რომლის შემთხვევის ადგილას შესაძლო ყოფნის თაობაზე ინფორმაცია მედიით გავრცელდა".

"სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, 2024 წლის 7 დეკემბერს, თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სამსახურმა შეტყობინების მიღებისთანავე საქმეზე დაუყოვნებლივ ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები: ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაში მონაწილე პირების და მათი თანამზრახველების იდენტიფიცირების, აგრეთვე, უშუალოდ დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის ჩადენის შემდგომ პერიოდში მათი გადაადგილების მარშრუტის დადგენის მიზნით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია, რის შედეგადაც გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, მ. ლაღიძის, ალ. ჭავჭავაძის ქუჩების და შოთა რუსთაველის გამზირიდან, გადაუდებელი წესით ამოღებული იქნა კონსერვატორიის და 5 კერძო ობიექტის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელთა დეტალური შესწავლა და ანალიზი უკვე დაწყებულია. ასევე მიმდინარეობს სხვა კერძო და საჯარო ობიექტებიდან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა და შესწავლა.

2024 წლის 8 დეკემბერს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის სატელევიზიო ეთერში, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩატარდა გ. ლ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი და მოხდა მასში არსებული ინფორმაციის დათვალიერება. მობილური ტელეფონის მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით, ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა. საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გამოიკითხა გ. ლ. და მისი ოჯახის წევრი.

საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარებული იქნა, ასევე, ლ.თ., რომლის შემთხვევის ადგილას შესაძლო ყოფნის თაობაზე ინფორმაცია მედია საშუალებით გავრცელდა.
სატელეფონო ანძების და გამოძიებისთვის საინტერესო პირების გადაადგილების შესასწავლად მობილური ოპერატორებიდან მიმდინარეობს ინფორმაციის გამოთხოვის პროცესი.

დაზარალებული ჟურნალისტის და ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და დაკავების, მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს ტიტუშკები თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტექნიკა წაართვეს. ჩიხლაძის თქმით, ამ ყველაფერს პატრული ხედავდა, თუმცა რეაგირება არ ჰქონია.