საგამოძიებო: 26-ში ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის შესაძლო ფაქტებზე გამოძიება დავიწყეთ

საგამოძიებო: 26-ში ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის შესაძლო ფაქტებზე გამოძიება დავიწყეთ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, არჩევნების დღეს ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყეს.

"გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიაომბუდსმენიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სამსახურის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებები, ასევე ჩატარებული გასაუბრებები, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჟურნალისტებთან დაკავშირებულ 17 ინციდენტს შეეხებოდა.

აღნიშნული ფაქტებიდან 13 შემთხვევა, შეტყობინების შინაარსიდან გამომდინარე არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. მიუხედავად ამისა, თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები შეტყობინების შემოსვლისთანავე არაერთგზის დაუკავშირდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოახდინეს.

ამ დროისთვის, საგამოძიებო ორგანოში, ინფორმაციის მოწოდების მიზნით, მხოლოდ 5 ჟურნალისტი და 1 ოპერატორი გამოცხადდა", - ნათქვამია განცხადებაში.

30 ოქტომბერს მედიაომბუდსმენმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტებისა და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით.

მედიაომბუდსმენის შეფასებით, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კენჭისყრასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების და გავრცელების პროცესი იყო უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველი.

მედიაომბუდსმენის თანახმად, 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა. ასევე, დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა მინიმუმ 50 ჟურნალისტისა და ოპერატორის უფლება.

მედიაომბუდსმენის განცხადება სრულად.