სუს: დავაკავეთ 3 ადამიანი, გეგმავდნენ "ისლამური სახელმწიფოს" წევრების ქვეყანაში ჩამოყვანას

სუს: დავაკავეთ 3 ადამიანი, გეგმავდნენ "ისლამური სახელმწიფოს" წევრების ქვეყანაში ჩამოყვანას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით აჭარაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

ბრიფინგზე სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ თქვა, რომ ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული, ე.წ. "თექბირისტების" ჯამაათის წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" უცხო ქვეყანაში მყოფ გავლენიან ლიდერებთან, რომელთა მითითებებით და სამომავლო ტერორისტული მიზნებისთვის, ჯამაათის სახით ჩამოაყალიბეს რადიკალურ-ექსტრემისტულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება. ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ.

სუს-ის ცნობით, საქმეში არსებული ინფორმაციით, ხსენებული დაჯგუფების წევრები გეგმავდნენ, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" გავლენიანი წევრების საქართველოში არალეგალურად შემოყვანას და მათი ლიდერობით, გარკვეული პლაცდარმის მოწყობას, რითაც უზრუნველყოფდნენ თანამოაზრეების არალეგალურად დახვედრა/დაბინავებას, ლოჯისტიკური მომსახურების გაწევას და ტერორისტული მიზნისთვის საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენებას.

"დღეს დილით, გამთენიისას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები, სამხედრო აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები და სხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ვალუტის ფულადი თანხა და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- თქვა მაღრაძემ.