
საქართველოში შვედეთის საელჩო ქვეყნის მთავრობის მიერ უცხოური დაფინანსების შეზღუდვის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ შვედეთში მიმდინარე პროცესი მკვეთრად განსხვავდება ქართული ოცნების მიერ მიღებული ე.წ. FARA-სგან.
3 ივნისს ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა Facebook-ზე სამთავრობო ტელეკომპანია IMEDI-ს ქარდი გამოაქვეყნა, რომელშიც შვედეთის საელჩო ქართული ოცნების მიერ მიღებულ ე.წ. FARA-ს აკრიტიკებს, გვერდით კი შვედეთის მთავრობის მიერ გაჟღერებული ინიციატივაა, სათაურით: "შვედეთის მთავრობა საკუთარ ქვეყანაზე: ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობის უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს". შალვა პაპუაშვილმა ამას "სამარცხვინო" უწოდა.
შვედეთის საელჩო განმარტავს, რომ შვედეთის მთავრობამ დანიშნა სპეციალური გამოძიების თავმჯდომარე, რომელიც შეაფასებს, უნდა აიკრძალოს თუ არა შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსება და აღნიშნავს, რომ ეს პროცესი მკვეთრად განსხვავდება უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან, რომელიც ეხება ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას, მისი მიზნობრიობის მიუხედავად.
"შვედეთის მთავრობამ დანიშნა სპეციალური გამოძიების თავმჯდომარე, რომელიც შეაფასებს, უნდა აიკრძალოს თუ არა შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსება და ასევე შესთავაზებს ასეთი აკრძალვის მარეგულირებელ ჩარჩოს. ამის მიზანია შვედეთის დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიცაა ტერორისტული და ძალადობრივი ექსტრემიზმის აქტების დაცვა ან ძალადობრივი ქმედებებისა და დივერსიის წახალისება. გამოძიების თავმჯდომარეს ასევე ევალება, ისეთი შეთავაზების უზრუნველყოფა, რომელიც შვედეთის კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა სხვა ვალდებულებებსა და მოთხოვნებს შეესაბამება.
ეს პროცესი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან“, რომელიც ეხება ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას, მისი მიზნობრიობის მიუხედავად და რომელიც მიღებულ იქნა ნაჩქარევად, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე. ვენეციის კომისიამ ასევე დაასკვნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებული შეზღუდვები არ აკმაყოფილებს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობისა და საჭიროებების მოთხოვნებს და მკაცრად ურჩია საქართველოს ხელისუფლებას მისი გაუქმება. პლურალისტური და მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა კი, მნიშვნელოვანი პრიორიტეტული სფეროა შვედეთის გრძელვადიანი რეფორმების თანამშრომლობისთვის საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის ხელშეწყობას", - ვკითხულობთ განცხადებაში.