საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გმობს ქართული ოცნების მიმდინარე ძალადობას მოქალაქეების, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების მიმართ.
მათი თქმით, მსგავსი ქმედებები არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად.
"შეერთებული შტატები გმობს პარტია ქართული ოცნების მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ.
მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად - რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა.
საქართველო უკეთესს იმსახურებს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
***
15 იანვარს გვიან ღამით ბათუმში, სასატუმრო შერატონში თავს დაესხნენ ჟურნალისტსა და მედიაექსპერტს, ზვიად ქორიძეს. ზვიად ქორიძე ჰყვება, რომ თავდამსხმელები ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძემ კი ქილა ესროლა.
სასტუმროში ასევე თავს დაესხნენ პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას. ექიმის თქმით, მას ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აქვს.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.