აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკული ბაზების შექმნასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამხედრო ბაზების შექმნა აშშ-ის არ შემოუთავაზებია. საელჩომ ამის შესახებ განცხადება გაავრცელა.
"აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს ნატოში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში", - აღნიშნულია განცხადებაში.
მთავარი არხისინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, საქართველოში ჩამოსულმა ამერიკის თავდაცვის მდივანმა ქართულ ოცნებას ბაზის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შესთავაზა და უარი მიიღო.
ინფორმაციას დღეს გამოეხმაურა პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე - მისი განცხადებით, "ერთადერთი რამაც შეიძლება საქართველოს უსაფრთხოების გარანტია მისცეს, არის NATO-ს წევრობა". ამას გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტროც და ინფორმაციას "სიცრუე" უწოდა.