სადამკვირვებლო კოალიცია ჩემი ხმა 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობას ითხოვს

სადამკვირვებლო კოალიცია ჩემი ხმა 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობას ითხოვს

სადამკვირვებლო კოალიციამ ჩემი ხმა 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 417 305-ს შეადგენს.

მათი ცნობით, საჩივრები დაწერილია უბნებზე იდენტიფიცირებული ისეთი ხასიათის მძიმე დარღვევების შესახებ, რომლებიც უხეშად არღვევდა არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს - ფარულობას და ნების თავისუფალ გამოხატვას.

ეს ოლქებია:
1. ბათუმში მოთხოვნილია - 33 უბნის შედეგების ბათილად ცნობა;
2. მარნეული - 32 უბანი;
3. გარდაბანი - 27 უბანი;
4. ქუთაისი - 17 უბანი;
5. გორი - 15 უბანი;
6. თელავი - 15 უბანი;
7. ბოლნისი - 11 უბანი;
8. ქობულეთი - 8 უბანი;
9. ლაგოდეხი - 8 უბანი;
10. გურჯაანი - 8 უბანი;
11. კასპი - 8 უბანი;
12. ახალციხე - 7 უბანი;
13. დედოფლისწყარო - 6 უბანი;
14. მცხეთა - 7 უბანი;
15. ქარელი - 7 უბანი;
16. საგარეჯო - 6 უბანი.
17. სიღნაღი - 5 უბანი;
18. ზუგდიდი - 4 უბანი;
19. ხაშური - 4 უბანი;
20. სენაკი - 3 უბანი;
21. ხობი - 1 უბანი;
22. ყვარელი - 2 უბანი;
23. ახმეტა - 2 უბანი;
24. ბორჯომი - 2 უბანი;
25. წალკა - 2 უბანი;
26. ადიგენი - 2 უბანი;
27. დუშეთი - 2 უბანი;
28. ახალქალაქი - 1 უბანი;
29. დმანისი - 1 უბანი;

"როგორც არაერთგზის აღვნიშნეთ, არჩევნების დღეს ჩვენი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ იქნა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, სხვის ნაცვლად ხმის მიცემის/განმეორებით ხმის მიცემის, მარკირების შეუმოწმებლობისა და მარკირების გარეშე ხმის მიცემის, უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის, დაკვირვების განხორციელებაში (განსაკუთრებით ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვებაზე) ხელის შეშლისა და შეუძლებლობის, უბანზე არაუფლებამოსილი აგრესიული პირების ყოფნისა და კომისიის წევრების მხრიდან აგიტაციის ასობით ფაქტი", - ამბობს კოალიციის წარმომადგენელი ლონდა თოლორაია.

სადამკვირვებლო კოალიციის ჩემი ხმა დამკვირვებლები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს მუდმივ რეჟიმში აკვირდებოდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 1131 საარჩევნო უბანზე.