საბერძნეთმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერ დეკლარაციას ხელი მოაწერა

საბერძნეთმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერ დეკლარაციას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საბერძნეთის პრემიერმინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საერთო დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ხელმოწერა ათენში, ზელენსკის სამუშაო ვიზიტის ფორმატში მოხდა.

დეკლარაციის თანახმად, ოფიციალური ათენი აცხადებს, რომ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო, ტექნიკურ, თავდაცვით და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, ასევე ომის დასრულების შემდეგ მის აღდგენაში წვლილის შეტანას. მხარეებმა

ასევე აღნიშნეს, რომ უკრაინის უსაფრთხოება არის "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებისთვის".

"საბერძნეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, მაშინ როცა ალიანსის წევრები საკითხზე შეთანხმდებიან და შესრულდება ყველა პირობა, რომელიც ალიანსის ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში აისახა", - წერია დოკუმენტში.

ამასთან, ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკმა აღნიშნა, რომ საბერძნეთი გახდა ალიანსის 24-ე ქვეყანა, რომელმაც უკრაინასთან ასეთი შინაარსის დეკლარაციას მოაწერა ხელი.

"დარჩა ალიანსის ქვეყნების მეოთხედი - ანუ 8 სახელმწიფო, რომელთანაც ასეთი დეკლარაცია ჯერ არ გვაქვს ხელმოწერილი. თუმცა, მათი უმეტესობა გაცხადებულად მხარს უჭერს ჩვენს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, დარჩა ამის გადმოტანა დოკუმენტებში", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.