
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International 19 წლის საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილ განაჩენს განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ მოზარდი მომიტინგეების დაპატიმრება სამართლიანი სასამართლო პროცესის არსებობაზე შეშფოთებას იწვევს.
ორგანიზაცია წერს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ არ გამოავლინა სურვილი, გამოეძიებინა პოლიციის მიერ ჩადენილი მძიმე დარღვევები, სამრთალდამცავი ორგანოს არცერთი წარმომადგენელი არ დასაჯა, მათ მიერ მომიტინგეების დაკავების დროს ფართოდ გავრცელებული არასათანადო მოპყრობისა და წამების ბრალდებების მიუხედავად, დაკავებულ მომიტინგეებს კი - ხანგრძლივ პატიმრობას უსჯის.
Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი ამბობს, რომ "მართლმსაჯულებისადმი ეს შერჩევითი მიდგომა ღრმა შეშფოთებას იწვევს. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს ეს დაუსჯელობა და უსამართლობა".
ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ "საბა ჯიქიას სასამართლო პროცესს კითხვები ახლდა სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ამასთან, არ იყო გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ახალგაზრდული მართლმსაჯულების პროცედურებიც, რაც როგორც წესი გამოიყენება 18-დან 21 წლამდე ბრალდებულებისთვის".
10 ივლისს პროევროპულ აქციებზე დაკავებულ საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.
19 წლის სტუდენტი საბა ჯიქია 5 დეკემბერს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელ ბექა გოტიაშვილზე წიხლის ჩარტყმას ედავებიან.