![რაზე ისაუბრეს ზურაბიშვილმა და მედიამენეჯერებმა, NGO-ების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/cafb6d04-22ef-4816-bf82-b5f8b12157c4.jpg)
პროევროპული საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულმა საბა სხვიტარიძემ, რომელსაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ედავებიან, სასამართლოზე მისი დაკავებისა და განყოფილებაში მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუპატიურებით დაეუმუქრნენ.
"მე მინდოდა ძირითადად მომეყოლა ჩემი წამების ფაქტი, რაც განხორციელდა ჩემი დაკავებიდან. ოქმი, როგორც პროკურატურამ შეადგინა, არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ იქ წერია, რომ მოწმის სტატუსით ვიყავი მისული განყოფილებაში. მე დამაკავეს საერთოდ სხვა ადგილას - ეს აცდენაა.
მე დამაკავეს ზესტაფონის გზაზე, ვიყავი მამაჩემთან ერთად. როდესაც გამაჩერა პოლიციამ, სრულიად დავემორჩილე მე პოლიციის მოთხოვნას, გადმოვსულიყავი მანქანიდან და ვკითხე, თუ რა ხდებოდა, რატომ მადებდნენ ბორკილებს. მითხრეს, გეტყვიან მერეო. მე მოვითხოვე ადვოკატთან გასაუბრება, ადვოკატი მოვითხოვე, რა დროსაც უარი განმიცხადეს. როდესაც ბორკილები დამადეს, მოვთხოვე პოლიციას, ჩაერთოთ სამხრე კამერები, რაც არ გაითვალისწინა პოლიციამ და არ ჩართო სამხრე კამერები.
მამაჩემს ვთხოვე, დაერეკა ადვოკატისთვის, რა დროსაც პოლიციამ ტელეფონი ჩამოართვა მამაჩემს. აგვიკრძალეს დარეკვა. იმის მერე წამომიყვანეს ზესტაფონიდან და იმის მაგივრად, რომ ადგილობრივ განყოფილებაში შევეყვანე, წამომიყვანეს თბილისის მიმართულებით. სადღაც გორთან მე გადამსვეს შავ სედანის მანქანაში. 4 პოლიციელი იყო, რომლებმაც ჩამომიყვანეს თბილისის მთავარ სამმართველოში, მეორე სამმართველოში და როდესაც მოვედით აქ, მანქანაში მიმდინარეობდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა გაუპატიურების და ა.შ.
შემდეგ მანქანაშივე მხსნიან ბორიკილებს და პოლიციელი მეუბნება, ახლა მოწმის სახით ხარ აქ დაბარებულიო და რამე რომ არ გე**ევაო, იმიტომ გადევს ბორკილებიო.
მერე საშვი ამაღებინეს და საშვით შემიყვანეს, რომ მცოდნოდა, მე მოწმის სახით მიბარებდნენ, უარს განვაცხადებდი და სასამართლოს წინაშე დავიკითხებოდი, თუ იყო საჭირო.
ამიყვანეს მე-5 სართულზე, ერთ-ერთი პოლიციელის კაბინეტში შემიყვანეს. იქ მიდიოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და ა.შ. რა დროსაც მე მოვითხოვე ადვოკატი. ისევ განმიცხადეს უარი და დამცინეს. შემდეგ გავიდა ეს პოლიციელი, დაუძახა ვიღაცას. შემოვიდნენ ფორმაში ჩაცმული, სპეცეკიპირებაში ჩაცმული ნიღბიანი პოლიციელები, შეიძლება პოლიციელებიც არ იყვნენ. 4 პოლიციელი შემოდის, ესენი გადიან, კეტავენ კარებს და ამ დროს ხდება ჩემზე ფიზიკური ძალადობა.
მირტყამენ თავის და გვერდების არეში, ძირითადად. როდესაც მე ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში ვიყავი დივანზე, ზევიდან დამახტა ერთ-ერთი, ცდილობდა, ხელი მოეტეხა ჩემთვის. როცა ვერ მომტეხა, გადმომაგდო დივნიდან, ძირს დამაგდო და ძირს განხორციელდა ხელებში რტყმა, ძირითადად, ბათინკებს მირტყამდნენ ხელის არეში, ზურგში და თავის არეში. ამის შემდეგ შემოდიან პოლიციელები, გაჰყავთ ესენი და მეუბნებიან, კიდევ გავიმეორებთო. არ ვიცი რას ითხოვდნენ ჩემგან, არაფერი მოთხოვნა არ ჰქონიათ, მხოლოდ ძალადობდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ და ერთ-ერთმა პოლიციელმა სურათიც გადამიღო ამ დროს.
მერე ისევ მოვითხოვე მე ადვოკატი და სასწრაფო იმიტომ, რომ ცუდად ვიყავი, ტვინის შერყევა მქონდა, გული მერეოდა და თავბრუ მეხვეოდა. განვაცხადე, რომ ცუდად ვიყავი, მათ შემომიტანეს პარკი, რომ მერწყია შეიგნით. ვარწყიე შიგნით. მომაწოდეს წყალი, მადლობა ღმერთს, წყალი მაინც მომაწოდეს. ამის შემდეგ გავყავარ ამ 4 ადამიანს, მემუქრებიან, რომ კიდევ შემოვიყვანთო და მემუქრებოდნენ, რომ ქათმებში ჩამსვამდნენ და იქ გამაუპატიურებდნენ. შემდეგ გამოვყავარ და ავყავარ მერვე სართულზე. ლიფტთან მხვდება ერთ-ერთი პოლიციელი და ეს ისააო, ვერ ვხვდები, რას მეუბნებოდნენ, პოლიციელზე ძალადობა ასე შეგრჩება გგონიაო და მე პოლიციელზე საერთოდ არ მიძალადია, იმანაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, ამიყვანეს მე-8 სართულზე და სხვა ეკიპაჟს გადამცეს, სამნი იყვნენ.
ამ სამ პიროვნებას შევყავარ უფროსის კაბინეტში, რა დროსაც სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებს ეს უფროსი ორ დამსწრესთან ერთად და მეუბნება, რომ ოქმს ხელს მოვაწერ.
ვუთხარი, რომ ადვოკატის გარეშე არაფერს ხელს არ მოვაწერ. მე რე გავყავარ ისევ და უკვე შევდივარ გამომძიებელი ჰქვია იმ ქალბატონს ოქმს ვინც ადგენს? ჰო, გამომძიებლის ოთახში შევდივარ, ქალბატონის სახელი და გვარი აღარ მახსოვს, ის ქალბატონიც ესწრებოდა ამას მეორე რაუნდს ჩემი წამების. შევდივარ და იწყება ჩემი გამოკითხვა. პირადი მონაცემები აინტერესებდათ, ვუთხარი, რომ ადვოკატი მინდა და სასწრაფო მჭირდებოდა, რადგან ცუდად ვიყავი, იქაც პარკი მომაწოდეს და ვარწყიე, რა დროსაც გამომძიებელთან ერთად იჯდა ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც აღწერდა ჩემს დაზიანებებს. როდესაც მითხრეს, ტანზე აიწიეო და დაზიანებები ჩაიწერა, ამ გამომძიებელს ეუბნება, რომ გავიდეს კაბინეტიდან. გადის კაბინეტიდან, შემოდის კიდევ ერთი ნიღბიანი პიროვნება და პოლიციის ფორმაში პირბადით, ეს ორი პიროვნება შემოდის, ის სამი ადამიანი მაკავებდა და ესენი ისევ ძალადობნენ. ამ ძალადობის პროცესში თავზე გადამამტვრიეს ხის ნივთები, სხვადასხვა ნივთი.. ეს ნიღბიანი პიროვნება აპირებდა ჩემთვის ცხვირში დარტყმას, ქვემოდან ამორტყმას და გავწიე თავი. როდესაც ამას მორჩნენ, მერე ისევ დაუძახეს გამომძიებელს და გამომძიებელმა ოქმი.
უკვე ამის მერე ჩავყავარ კაპეზეზე. კაპეზეზე ექიმს განვუცხადე, რომ სასწრაფო მჭირდებოდა, ვერ ვგრძნობდი თავს კარგად… განმიცხადეს, არ გჭირდება სასწრაფოო და შემიყვანეს საკანში. ჩემი ფსიქოლოგიური ზეწოლა გრძელდებოდა პოლიციის მანქანაში, როცა სასამართლოში მოვყავდი და სასამართლოდან, როცა პენიტენციურში მივყავდი. პოლიციის მანქანაში ძირითადად იყო ზეწოლა, ხელი როგორ დაარტყიო და ირიბი გინება. სასამართლოდან რომ წამიყვანეს, მესმოდა, ეს პოლიციელები როგორ დასცინოდნენ ერთ-ერთ აქციაზე დაკავებულს, რომელიც თურმე დაუკავებიათ და დასცინოდნენ, როგორ ტიროდა. ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. ამის მერე განმამწესეს პენიტენციურში. მე სამედიცინო სახმარებით ვერ ვისარგებლე იქამდე, სანამ პენიტენციურში…
ამის მერე მე სასამართლო მეუბნება, რომ მე ვარ საზოგადოებისთვის საშიში და უნდა ვიჯდე ციხეში. სამწუხაროდ, ჩემზე იძალადეს, მე თავს ვიცავდი და ამის გამო დამაკავეს. ეს მოძალადეები, რომლებიც დღემდე გარეთ არიან და არც ერთი არაა დაკავებული, აგრძელებენ ადამიანების ცემას, ვხედავთ, აქციაზე ადამიანების ცემას. სასამართლოსგან მხოლოდ ვიცავ სამართალს და სამართლიან განაჩენს. მე თავს ვიცავდი, ვიცავდი ჩემს გვერდზე მყოფებს და უბრალოდ არ მივეცი ერთ-ერთ მოძალადე ტიტუშკას, ეძალადა ქალზე. უფროსწორად, ვერ მოვასწარი მოგერიება, იძალადა და შემდეგ გადმოდიოდა ჩვენზე. ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებებით, რომელიც ჩემ მიმართ განხორციელდა, როცა გირაო შევთავაზე … მე არსად გაქცევას არ ვაპირებ, ამათ ხელში არ დავტოვებ სამშობლოს, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მე ვიყავი საზოგადოებისთვის საშიში და ის ადამიანები, რომლებიც არც ქალზე ძალადობას და არც ადამიანების წამებას ერიდებიან, ისინი იყვნენ თურმე დაზარალებულები და ისინი არიან პოლიციელები და სამართალს იცავენ. სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ და სასამართლოს უბრალოდ ვთხოვ, იყოს ობიექტური. ობიექტური იყოს თავის განაჩენში და ობიექტური იყოს არა მხოლოდ ჩემს, ყველასმ იმართ საერთოდ. ჩვენ სამართლას ვერსად ვერ ვპოულობთ, სამწუხაროდ ვერც სასამართლოში და ეს დასრულდეს, ეს უსამართლობა რაც დღეს ხდება საქართველოში, ერთ-ერთი მონაწილე არის სასამართლო",- განაცხადა სხვიტარიძემ.
სხვიტარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.