სააპელაციომ გააუქმა თეთრიწყაროს მოსამართლის გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილა სარჩელები

სააპელაციომ გააუქმა თეთრიწყაროს მოსამართლის გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილა სარჩელები

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა არჩევანის ფარულობასთან და საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები, ასევე გააუქმა თეთრიწყაროს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება უბნების გაბათილებასათან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლოში განხილვა 23 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პროცესზე ჯამში 40 ოლქზე გამოვლენილი დარღვევები განიხილებოდა. სასამართლომ გააერთიანა სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ორგანიზაცია ჩემი ხმის სარჩელები.

საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავდა, მათგან ერთ-ერთი დიმიტრი გვრიტიშვილი.

საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, მათთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

ქურდოვანიძე ამბობს, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილება არ ცვლის იმას, რომ მოქალაქეების ხმის ფარულობის პრინციპი არ იყო დაცული და ეს იყო ცესკოს პასუხისმგებლობა.

"გაუქმდა თეთრიწყაროს უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ საქმეზე. ეს, პრინციპში, ჩვენთვის საერთოდ არ იყო მოულოდნელი, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდით, განსაკუთრებით, მას მერე, როდესაც დავინახეთ, რომ სასამართლო ცდილობდა ყველა საქმის ერთად გაერთიანებას და არ ყოფილიყო რაიმე განსხვავებული აზრი ამ საქმეში. ეს იგრძნობოდა გუშინ, იგრძნობოდა იმ განხილვით, როგორც სასამართლომ ეს განიხილა.

ეს იყო კოორდინაციაში მათ შორის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან. სასამართლო სისტემამ გადაწყვიტა, არ გამეორებულიყო რაიმე განსხვავებული მოსაზრება სასამართლოდან ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამას ველოდით, თუმცა ეს არ ცვლის იმას, რომ მოქალაქეების ხმის ფარულობის პრინციპი დაირღვა, არ იყო დაცული და ეს იყო ცესკოს პასუხისმგებლობა, რომელიც მან ვერ იტვირთა, ეს არის ფაქტი"- თქვა ქურდოვანიძემ.

4 ნოემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ თეთრიწყაროსა და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა. მან განაცხადა, რომ ელექტრონული წესით ჩატარებულ არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა ის 30 უბანი, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა.