ჩემი ფიზიკური მდგომარეობა იმიტომ კი არ ვაჩვენე, რომ ვინმეს თავი შევაცოდო, არამედ, რათა პუტინისტების ტყუილი ვამხილო. მინდა ოლიგარქის ერთ-ერთ მოლაპარაკე თავს ვუპასუხო: სიკვდილს არასდროს ვაპირებდი, თუმცა მისი არც მეშინია. ვაპირებ ვიცოცხლო საქართველოსთვის, უკრაინისთვის! ვუყურო და მონაწილეობა მივიღო რუსეთის იმპერიის საბოლოოდ დანგრევაში და უკრაინისა და საქართველოს აყვავებაში.
სჯობს მოისმინოთ ის რაც გითხარით, დავიწყოთ მოლაპარაკებები, ოღონდ არა კულუარული, არამედ ღია, გამჭვირვალე, ხალხის მონაწილეობით, როგორიც იყო მრგვალი მაგიდა პოლონეთში. ეს უნდა მოხდეს თუნდაც იმიტომ, რომ თქვენ მომავალში ისე არავინ მოგექცეთ, როგორც თქვენ მე მომექეცით და რაც მთავარია იმისთვის, რომ მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, რომელიც მოგიწევთ იმისდა მიუხედავად, რა მანიპულაციებიც არ უნდა ჩაატაროთ. თუ დარწმუნებული ხართ თქვენს სიმართლეში, მომეცით პოლიტიკურ დებატებში, თუნდაც თქვენი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული რკინის სამაჯურით მონაწილეობის შესაძლებლობა და ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, ვისი გზა არის სწორი - ჩვენი თუ თქვენი.
და მინდა ვუთხრა ოპოზიციას: ჩვენ ესენი უნდა გავანულოთ არჩევნებამდე და ეს მიღწევა ძირითად საკითხებზე ერთიანობით, ხოლო არჩევნებზე ყველას თავისი გზა და პროგრამა ისედაც ექნება.
წერს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე. დღეს ის სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი.