მიხეილ სააკაშვილი რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს "კოლაბორაციისა და ბოლომდე დაყვავების პოლიტიკის პირდაპირი შედეგია". მისი თქმით, საქართველოს ოკუპანტის "დამქაშები" მართავენ და სანამ ეს ასეა, ქართული სახელმწიფოებრიობა დარტყმის ქვეშ იქნება. ამის შესახებ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ჩემი სამძიმარი თამაზ გინტურის ოჯახს. ძალიან განვიცადე ამ ძალიან ნათელი ადამიანის მკვლელობა ოკუპანტის ხელით. აი ეს არის კოლაბორაციისა და ბოლომდე დაყვავების პოლიტიკის პირდაპირი შედეგი. იმედია, ხვალ ბრიუსელში ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა არ იცვლება მთავარი რამ - საქართველოს მართავენ ოკუპანტის დამქაშები და მანამ, სანამ ეს ასეა, ცალკეული ადამიანის სიცოცხლეებიც და ქართული სახელმწიფოებრიობა იქნება დარტყმის ქვეშ.
რა უნდა გაკეთდეს, რომ ასეთი ტრაგედიები იქნას თავიდან აცილებული - ჯერ ერთი, უკან დაბრუნდეს პოლიციის სპეცრაზმი, რომელიც ჩვენ დროს იდგა და ოკუპაციის ხაზზე საზოგადოებრივ წესრიგს იცავდა, მეორე - გატარდეს იმ ჩრდილოვანი პოლიტიკის სქემების შეზღუდვა და მოკეტვა, რომელსაც მთელი ეს დრო საქართველოს გავლით რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს დაბოლოს, ძალიან მძლავრად უნდა ვიმუშაოთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ოკუპაციის თემებზე. ცალყბად და სანახევროდ, ეს საქმე არ გამოდის.
ჩვენ დროს, 2008 წლის შემოჭრის შემდეგ, რუსები არა მხოლოდ ვერ ახორციელებდნენ, არამედ ორ შემთხვევაში, უკან გადაწიეს ოკუპაციის ხაზი.
სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ისევ მიიჩქმალება, სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში. ეს კი ნიშნავს, რომ რუსები სულ უფრო მეტად გავლენ თავს, როგორც ოკუპაციის ხაზებზე, ასევე ჩვენს ქალაქებში. ახლა ჩვენს საზოგადოებას სჭირდება მობილიზაცია ამ ყველაფრის არდასაშვებად", - წერს სააკაშვილი.
6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.
ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.
ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.