კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ბათუმში, კვებითი მომსახურების სექტორში არასახელმწიფო ენაზე მომსახურების საკითხის შესწავლა დაიწყო.
საქმე ეხება 11 მოვაჭრის მიერ, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კაფე-ბარებში, მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას. მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურება განახორციელოს ქართულ ენაზე.
"ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის წერილის საფუძველზე, საცნობარო (კვების) მენიუ შედგენილია და მომხმარებელს არასახელმწიფო ენაზე მიეწოდება. შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში ასევე დასტურდება, რომ კვების ობიექტებში სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, ხშირად, მომხმარებლებს ქართულ ენაზე მომსახურების გაწევაზე უარს ეუბნებიან. მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ სავაჭრო ობიექტების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.