NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ამბობს, რომ ალიანსი არ შეუშინდება რუსეთის მუქარებს, არამედ გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას. ამის შესახებ რუტემ განაცხადა გერმანიის ქალაქ ვისბადენში, სადაც უკრაინის დახმარების მთავარი საკოორდინაციო ცენტრი განთავსდება.
"გზავნილი [პრეზიდენტი პუტინისადმი] მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის თავისას ვერ მიაღწევს, უკრაინა გაიმარჯვებს", - თქვა რუტემ Reuters-თან და ჰესენის რადიოსთან ერთობლივი ინტერვიუს დროს.
დაგეგმილია, რომ ვისბადენის კომპლექსი, სახელწოდებით NATO Security Assistance and Training for Ukraine (NSATU,) ეტაპობრივად კიევისთვის დასავლური სამხედრო დახმარების კოორდინაციას საკუთარ თავზე აიღებს.
ვისბადენში განთავსებულია ამერიკული ქვედანაყოფი, სწორედ იქ განთავსდება ახალი ცენტრი. აღნიშნული ქვედანაყოფი შორი მანძილის რაკეტებზეა პასუხისმგებელი - მათ დროებით განთავსებას გერმანიაში ვაშინგტონი 2026 წლიდან გეგმავს, რათა კალინინგრადის ოლქში რუსული რაკეტების საფრთხეს დაუპირისპირდეს.