რუსულმა ძალებმა ხერსონში ღვთისმშობლის შობის ტაძარი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხერსონში ღვთისმშობლის შობის ტაძარი დაბომბეს

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, 11 აპრილის ღამეს, რუსულმა ძალებმა ხერსონში ღვთისმშობლის შობის ტაძარი დაბომბეს.

"ღამით, რუსულმა არტილერიამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარს დაარტყა. დაბომბვის შედეგად ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია სახურავი და კედლები", - აცხადებს ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია.

უკრაინის ცნობით, რუსული ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან. მანამდე, ხერსონის რეგიონულმა ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული დაბომბვის შედეგად რეგიონში 2 ადამიანი დაშავდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.