ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რამაც მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, 1 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა. ამასთან, დაიბომბა ქალაქის ცენტრი და მიმდებარე რაიონები. ღამით იერიში განხორციელდა ლუჰანსკის ოლქზეც, სადაც შეტევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. დარტყმების სამიზნე გახდა მიკოლაივის ოლქიც. აფეთქებების ხმა ქალაქ სნეგირივკაში ისმოდა.
ამავდროულად, რუსები აგრძელებენ შეტევას დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინელმა დამცველებმა მტრის 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.