დონეცკის რეგიონუ სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა.
"რუსებმა დღეს დილით ქალაქის ცენტრალური ნაწილი დაბომბეს. მრავალსართულიანი შენობები და კერძო საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. ამ დროისთვის დაშავებულებს საჭირო დახმარება უტარდებათ. ადგილზე მობილიზებულია მაშველები და პოლიცია. ინფორმაცია ნგრევის მასშტაბისა და მსხვერპლის რაოდენობის შესახებ განახლდება, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, დაზიანებულია 16 საცხოვრებელი კორპუსი, 8 კერძო სახლი და 3 მანქანა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსი ოკუპანტების მხრიდან დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკას დაბომბვის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.