რუსულმა Red Wings-მა საქართველოში ფრენების დაწყება მესამედ გადადო.
თავდაპირველად ავიაკომპანიას სოჭი-თბილისის მიმართულებით ფრენები 2 ივნისს უნდა დაეწყო, შემდეგ 15 ივნისისთვის გადადო, თუმცა არც 15-ში დაიწყო.
ფორმულას ინფორმაციით, ავიაკომპანია ფრენების დაწყებას ამჯერად 26 ივნისიდან აპირებს. თავად კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.
რაც შეეხება მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებას, ავიაკომპანიას ფრენა 2 ივნისს უნდა დაეწყო, მოგვიანებით 16 ივნისისთვის გადადო, ახლა კი საერთოდ არ არის ცნობილი, იფრენს თუ არა ქუთაისის მიმართულებით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ Red Wings-ს, რომელიც უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებების მიერ არის სანქცირებული, ფრენების ნებართვა 18 მაისს მიანიჭა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.