
რუსული მედია Коммерсант-ის კორესპონდენტის, ანდრეი კოლესნიკოვის ინფორმაციით, 13 მარტს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკების შემდეგ, პუტინი კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდება.
დღეს სტივ უიტკოფი რუსეთში ჩავიდა, რათა განიხილოს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება.
11 მარტს საუდის არაბეთში ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ ცნობილია, რომ უკრაინა მზადაა 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე.
ამასთან, საგარეო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მრჩეველი და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელი იური უშაკოვი მიიჩნევს, რომ ეს იქნება "დროებითი ამოსუნთქვა" უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.
"მეჩვენება, რომ ამ ვითარებაში არავის სჭირდება რაღაც მსგავსი ნაბიჯები, რომლებიც სამშვიდობო ქმედებების იმიტაციაა", - ამბობს ის Россия 1-თან ინტერვიუში.