საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რუსული კანონის ერთ-ერთი ავტორის გურამ მაჭარაშვილის აზრით, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას "კონსტიტუცია გადაახია თავზე".
მისი თქმით, ზურაბიშვილის მიერ ევროპაში ნებართვის გარეშე წასვლაზე რეაგირება რომ არ ჰქონოდათ, ეს იქნებოდა კონსტიტუციის შეურაცხყოფა.
"თავიდან ბოლომდე ამაში საქართველოს პრეზიდენტი არის დამნაშავე... ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტმა ხალხსაც მიაყენა შეურაცხყოფა, კონსტიტუციაც დააარღვია არაერთხელ და ბოლოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოინდომა წასვლა, მათ შორის, ევროპული ვიზიტების მომიზეზებით, ანუ იმდენი თხარა, თხარა რომ გამოთხარა იმპიჩმენტი.
მას ჰქონდა ხოლმე შემთხვევები, როცა არღვევდა კონსტიტუციას, მაგრამ ბოლო იყო იმდენად აშკარად პრაქტიკულად თავზე გადახევა კონსტიტუციის საქართველოს საზოგადოებისთვის, რომ ამაზე არ რეაგირება იქნებოდა შეურაცხყოფა თავად კონსტიტუციისთვის", - თქვა მაჭარაშვილმა.
ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს მართავს. 31 აგვისტოს ის ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.