საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა დაიბარეს. საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ელჩის დაბარების მიზეზი რუსულ კანონზე "ლიეტუვის მხარის პოზიცია და ქმედებებია".
30 მაისს, რუსული კანონის დამტკიცების პასუხად, ლიეტუვამ საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი სალომე შაფაქიძე დაიბარა.
საგარეოს თქმით, დღეს კალინდრას "განუმარტეს", რომ "ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, გაბრიელიუს ლანდსბერგისის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლა და საქართველოს ელჩის დაბარება "წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევას და არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს".
"შეხვედრაზე, მხარეებმა გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დღის წესრიგში დაბრუნების იმედი და გამოითქვა მზაობა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაგრძონ თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგზე მუშაობა"- ნათქვამია განცხადებაში.