რუსი ოპოზიციონერი: მოვახდენთ იმ გეგმის რეალიზებას, რომლის რეალიზება პრიგოჟინმა ვერ მოახდინა

რუსი ოპოზიციონერი: მოვახდენთ იმ გეგმის რეალიზებას, რომლის რეალიზება პრიგოჟინმა ვერ მოახდინა

რუსეთის სათათბიროს ყოფილი დეპუტატი, ილია პანამარიოვი ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის აჯანყებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "ეს შეთქმულებების და ინტრიგების შედეგია, რომელიც რუსეთის ელიტაში არსებობს".

როგორც პანამარიოვმა სოფო ზურაბიანის გადაცემაში პოლიტიკის ფორმულა აღნიშნა, პრიგოჟინის ნაბიჯები პუტინს აწყობდა, რადგან მან ელიტაში მყოფი პირების ლოიალურობა შეამოწმა.

რუსი ოპოზიციონერი ასევე ამბობს, რომ აჯანყების დროს ძალიან ბევრი ადამიანი რუსეთში პრიგოჟინის მხარეს გადავიდა - მათ შორის სამხედროები და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები.

"ეს გახლავთ წმინდა წყლის შეთქმულებების და ინტრიგების შედეგები, რომელიც არსებობს რუსეთის ელიტაში. ვფიქრობ, რომ პრიგოჟინის მთავარი მფარველი გახლავთ ვლადიმერ პუტინი, რომელიც მას უჭერდა მხარს. პუტინი, როგორც ადამიანი, რომელიც აკონტროლებს უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს, უზრუნველყოფდა იმას, რომ ამ სამსახურს პრიგოჟინისთვის მხარი დაეჭირა. ანუ - საზღვრის დაცვის სისტემა, რომელიც უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში შედის, პრიგოჟინს საერთოდ არ ეწინააღმდეგებოდა. წესით წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ.

ამავე დროს, ადამიანების ძალიან დიდმა რაოდენობამ აღიქვა ყველაფერი როგორც რეალობა და დაიწყო პრიგოჟინის მხარეს გადასვლა. დავინახეთ როგორ გადადიოდნენ მის მხარეს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომდგენლები და სამხედროებიც. ეს არ იყო მასობრივი პროცესი, მაგრამ ნაწილს ჰქონდა სურვილი პრიგოჟინის მხარეს გადასულიყო", - ამბობს პანამარიოვი.

რუსი ოპოზიციონერი აცხადებს, რომ პრიგოჟინი აჯანყებისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა - ის ასევე ატარებდა სოციალურ გამოკითხვებს, დაუჭერდნენ თუ არა მას მხარს პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურა, რომ წარედგინა.

"პრიგოჟინი ემზადებოდა ამ ნაბიჯებისთვის 2-3 თვის განმავლობაში და ამას დემონსტრაციულად აკეთებდა. ამის ვერშემჩნევა შეუძლებელი იყო. ის სოციალურ გამოკითხვებსაც ატარებდა: "რას გააკეთებთ, თუ მე წარვადგენ ჩემს კანდიდატურას პრეზიდენტობაზე". [ამ გამოკითხვებში] პრიგოჟინი მეორე ადგილს იკავებდა, პუტინის შემდეგ. პუტინს ამის არ დანახვა არ შეეძლო.

არ მგონია, რომ პუტინი ყველაფერს ხელმძღვანელობდა და მითითებებს აძლევდა. პრიგოჟინის კონფლიქტი თავდაცვის სამინისტროსთან და მინისტრ შოიგუსშთანაც პუტინს ხელს აძლევდა. ამით მან ორივე მხარეს უბიძგა წინ წასვლისკენ, რათა უფრო ეფექტურები ყოფილიყვნენ. ეს იყო შემოწმება რუსეთის ელიტების ლოიალობაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის დაშინება, რომ "მე, პუტინი თუ არ ვიქნები, იქნება უარესი ადამიანი პრიგოჟინის სახით და მის ხელში იქნება ბირთვული იარაღი", - აცხადებს პანამარიოვი.

ამასთან, პანამარიოვი ამბობს, რომ წელს უკრაინის ჯარი შევა ყირიმში, ხოლო [რუსეთის ხელისუფლების ოპოზიცია] შეძლებს, რომ რუსეთის შიგნით იმოქმედოს.

"თუ პრიგოჟინს აქვს სურვილი რომ ჩაბარდეს, ამის საშუალება აქვს. თუ სურს რომ პატიება მიიღოს, პუტინის თავი მოგვართვას, რომელსაც მივიღებთ. ჩვენ თვითონ უნდა გავიზარდოთ, გავაძლიეროთ ჩვენი ძალა და რაოდენობა. ჩვენ მოვახდენთ იმ გეგმის რეალიზებას, რომლის რეალიზება ვერ მოახდინა პრიგოჟინმა. დარწმუნებული ვარ, რომ წელს უკრაინის ჯარი შევა ყირიმში და დადგება ჩვენი დრო, რომ ვიმოქმედოთ რუსეთის შიგნით", - განაცხადა რუსმა ოპოზიციონერმა. [სინქრონული თარგმანი]

***

24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.

26 ივნისს, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინი აჯანყების მერე პირველი კომენტარი გააკეთა. პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლების გადაყენებას არ აპირებდა, რადგან მისი მიზანი, რუსული არმიის სისუსტის ჩვენება იყო.