პრიგოჟინი: ვაჩვენეთ რუსეთის არმიის უსუსურობა, ხელისუფლების გადაყენება განზრახული არ გვქონდა

პრიგოჟინი: ვაჩვენეთ რუსეთის არმიის უსუსურობა, ხელისუფლების გადაყენება განზრახული არ გვქონდა

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინი აჯანყების მერე პირველი კომენტარი გააკეთა. პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლების გადაყენებას არ აპირებდა, რადგან მისი მიზანი, რუსული არმიის სისუსტის ჩვენება იყო.

"ჩვენ მივდიოდით იმისთვის რომ პროტესტის დემონსტრაცია მოგვეხდინა და არა იმისთვის, რომ ხელისუფლება გადაგვეყენებინა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა სამართლიანობის მარშმა აჩვენა ბევრი სერიოზული პრობლემა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება. ჩვენ დავბლოკეთ ყველა სამხედრო ნაწილები და აეროდრომები, რომლებიც გზად შეგხვდნენ", - თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის მტკიცებით, თუ რუსეთის ჯარი 2022 წლის 24 თებერვალს ისეთივე წარმატებით დაიწყებდა სამხედრო მოქმედებებს, როგორც ეს ვაგნერმა 23 ივნისს გააკეთა, მაშინ ის [რუსეთის არმია] მივიდოდა არა მხოლოდ კიევამდე, არამედ უჟჰოროდამდე [ქალაქი უკრაინის დასავლეთ ნაწილში] და ამას 1 დღეში გააკეთებდა.

თუმცა, მისივე თქმით, რუსეთის ჯარს საამისოდ არ გააჩნია სათანადო მომზადება, მორალური სიმტკიცე და მზაობა დავალებების შესასრულებლად.

***

24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.