აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ტვერის ოლქში ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეხმაურება - მისი თქმით, ამ ცნობებით გაკვირვებული არ არის.
ის, ასევე, მიუთითებს მომხდარში პუტინის შესაძლო მონაწილეობას, თუმცა აღნიშნავს, რომ პასუხისთვის საკმარისი ინფორმაცია არ აქვს.
"რუსეთში არც ისე ბევრი რამ ხდება, რომლის უკანაც პუტინი არ დგას, თუმცა პასუხისთვის საკმარისი არ ვიცი", - განაცხადა ბაიდენმა.
BBC-ის ცნობით, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვას ადასტურებს Telegram-არხი, რომელიც მიჩნეულია, რომ ვაგნერთან დაკავშირებულია. თუმცა მედია აქვე მიუთითებს, რომ ამ ინფორმაციის გადამოწმებას თავად ვერ ახერხებენ.
ტელეგრამის არხი GRAY ZONE არაფერს ამბობს დიმიტრი უტკინის შესახებ, რომელიც Meduza-ს ცნობით, შესაძლოა, ასევე იმყოფებოდა ბორტზე.
ცოტა ხნის წინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა - წინასწარი ცნობებით, ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაღუპულია. როგორც TASS-მა Rosaviatsia-ზე დაყრდნობით დაწერა, მგზავრთა სიაში იმყოფებოდა ევგენი პრიგოჟინიც.
რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტვერის ოლქში, სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ბორტზე 3 პილოტი და 7 მგზავრი იმყოფებოდა - ის შერემეტიევოს აეროპორტიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა.
ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.