რუსეთმა ოპოზიციური ტელეკომპანია დოჟდის მთავარ რედაქტორზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ოპოზიციური ტელეკომპანია დოჟდის მთავარ რედაქტორზე ძებნა გამოაცხადა

მედიაზონას ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციური ტელეკომპანია დოჟდის მთავარ რედაქტორზე ტიხონ ძიადკოზე ძებნა გამოაცხადა.

მედიაზონა წერს, რომ ტიხონ ძიადკო ძებნილთა სიაში 30 აპრილს შეიყვანეს. მანამდე მის წინააღმდეგ რაიმე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ძებნილთა სიის ბარათზე, რომელსაც მედიაზონა აქვეყნებს, არ არის მითითებული, სისხლის სამართლის კოდექსის რა მუხლით არის გამოცხადებული მასზე ძებნა.

მანამდე, 28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის შსს-მ ძებნილთა სიაში ამავე ტელეკომპანიის წამყვანი იულია ტარატუტა შეიყვანა. მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია "უცხოური აგენტის" სტატუსით მოვალეობის შესრულებისგან თავის არიდების მუხლით.

2022 წლის ოქტომბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ტიხონ ძიადკო "უცხო ქვეყნის აგენტად" გამოაცხადა, ხოლო ტელეარხი დოჟდი 2023 წლის ივლისში - "არასასურველ ორგანიზაციად".

რუსული ოპოზიციური ტელეარხი დოჟდი რუსეთში დაიბლოკა მალევე მას შემდეგ, რაც რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა. დაწესებული ცენზურის გამო, ბევრი დამოუკიდებელი მედიასაშუალება იძულებული გახდა, მუშაობა შეეწყვიტა. 2022 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ არხმა ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, სადაც ჟურნალისტების დიდი ნაწილი გადავიდა. ივლისში კი არხმა მუშაობა აღადგინა.