რუსეთმა ალექსეი ნავალნის ძმაზე, ოლეგ ნავალნიზე ხელახლა ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ალექსეი ნავალნის ძმაზე, ოლეგ ნავალნიზე ხელახლა ძებნა გამოაცხადა

დაღუპული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ძმაზე ოლეგ ნავალნიზე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელახლა გამოაცხადა ძებნა. უწყების განმარტებით ბარათში მხოლოდ ის არ მითითებული, რომ ოლეგ ნავალნი "იძებნება სისხლის სამართლის დარღვევის გამო".

რუსული პროპაგანდისტული მედია TASS შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოლეგ ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე აღიძრა, რომლის ფარგლებშიც მასზე ძებნა გამოცხადდა, თუმცა არ აკონკრეტებენ, რომელი მუხლის დარღვევას ედავებიან.

ოლეგ ნავალნი 2022 წლის იანვრიდან იძებნებოდა ე.წ. სანიტარულ საქმეზე, რომლის ფიგურანტებიც დაადანაშაულეს სანიტარული და ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევაში - ამაში იგულისხმებოდა მათი მოწოდებები, გამოსულიყვნენ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე.

2021 წლის აგვისტოში სასამართლომ ე.წ. სანიტარულ საქმეზე ოლეგ ნავალნის პირობითი სასჯელი შეუფარდა. თუმცა, 2022 წლის იანვარში სისხლის სამართლის ინსპექციამ მოითხოვა, რომ ეს პირობითი სასჯელი რეალურით შეცვლილიყო, თებერვალში კი სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამ დროისთვის, ოლეგ ნავალნი რუსეთის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა.

***

16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.

ნავალნი 47 წლის იყო.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.